რა განსაზღვრავს საიტის ფასს

საიტის ფასს ძირითადად ოთხი რამ განსაზღვრავს: რამდენი უნიკალური გვერდის ტიპია, რამდენი ენაა, რამდენი ინტეგრაციაა სხვა სისტემებთან, და ვინ წერს ტექსტს. დიზაინი ხშირად ყველაზე ნაკლებად მოქმედებს.

გვერდების რაოდენობა კი არა - გვერდების ტიპები

ოცგვერდიანი საიტი, სადაც ოცივე ერთნაირად აწყობილია, იაფია. ხუთგვერდიანი, სადაც თითოეულს თავისი სტრუქტურა აქვს - ძვირი. სამუშაო შაბლონზე იზომება და არა გვერდზე. როცა შეთავაზებას იღებ, იკითხე რამდენი უნიკალური შაბლონია. ეს ციფრი ფასს უკეთ ხსნის, ვიდრე გვერდების რაოდენობა.

ენები ტექსტს ამრავლებს, კოდს - არა

მეორე ენა კოდს თითქმის არ ზრდის, თუ არქიტექტურა თავიდანვე მრავალენოვანია. სამაგიეროდ ამრავლებს ტექსტს, მეტა-აღწერებს და შემდგომ მხარდაჭერას. ყველაზე ძვირი ვარიანტი - ერთენოვანი საიტის აწყობა და მერე მეორე ენის „დამატება". ეს ხშირად თითქმის ხელახლა აწყობაა.

ინტეგრაციები ყველაზე მეტად ცვლის ციფრს

ფორმა, რომელიც წერილს აგზავნის, იაფია. ფორმა, რომელიც CRM-ში ჩავარდება, ბუღალტერიაში ქმნის ჩანაწერს და ზედნადებს აგზავნის - სულ სხვა სამუშაოა. აქ მთავარი კითხვა არის: რა ხდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ღილაკს დააჭირა. თუ პასუხი „ვიღაც ხელით გადაიტანს" - ეს ფარული ხარჯია, რომელიც ყოველთვიურად იხდება.

ტექსტი უფრო ხშირად აჭიანურებს პროექტს, ვიდრე კოდი

პროექტების უმეტესობა ტექნიკურ სირთულეზე კი არა, ტექსტის ლოდინზე ჩერდება. თუ შიგთავსი მზად არ არის, ან ვინმემ უნდა დაწეროს - ეს დროც და ხარჯიც არის. გადაწყვიტე თავიდანვე: ტექსტი შენია თუ ჩვენი. ორივე ნორმალურია, მაგრამ „მოგვიანებით გადავწყვიტოთ" ყველაზე ძვირი პასუხია.

მოკლედ

სანამ ფასს იკითხავ, ჩამოწერე: რამდენი შაბლონი, რამდენი ენა, რომელ სისტემებთან უნდა დაუკავშირდეს და ვინ წერს ტექსტს. ამ ოთხი პასუხით ნებისმიერი შეთავაზება შესადარებელი ხდება.

კრისტოფერო კასტელის 8, თბილისი 0159, საქართველო · +995 596 16 66 88 · info@zenlumex.com